ასოციაცია "ქვევრის ღვინო" დაარსდა 2010 წელს ქ. თბილისში ქართველი მეღვინეების მიერ. ასოციაციის წევრთა მიზანია მოუარონ და შეინარჩუნონ მევენახეობისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ქართული
ტრადიციები, სამეურნეო გამოყენება დაუბრუნონ ვაზის იშვიათ ჯიშებს, წარმოაჩინონ ღვინის ტრადიციული დაყენების ტექნოლოგია, როგორც ეროვნული კულტურის საგანძური და მისი განსაკუთრებული
პროდუქტის- შეუბღალავი ქართული ღვინის გატანა შესძლონ შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე.
ისინი მიესალმებიან ქართველი და უცხოელი მეღვინეების გაწევრიანებას აღნიშნულ ასოციაციაში, როგორც ამ იდეის განმახორციელებლებსა და ხელშემწყობებს.
მანიფესტი
იმის ღრმა შეგნებით, რომ ქვევრში ღვინის დაყენების ათასწლოვანი ტრადიცია მსოფლიოს კულტურული მიღწევაა, გვსურს შევინარჩუნოთ იგი ჩვენი საქმიანობით, მოვუაროთ მას და იგი მომავალ
თაობებს გადავცეთ.
გვწამს, რომ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია კრეატიულ პოტენციალს ფლობს, რომლის აღმოჩენა და გამოყენება ერთ-ერთი საშუალება იქნება ღვინის ამჟამინდელი კრიზისიდან თავის დასაღწევად.
დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ქვევრის ღვინის კულტურა და ეკოლოგია ერთმანეთს შესანიშნავად ავსებენ. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ, რომ ყველა სამუშაო, რომელთაც ჩვენს ზვრებში ჩავატარებთ,
მაქსიმალურად ითვალისწინებდეს ეკოლოგიურ პრინციპებს.
ეს ნიშნავს:
-ვენახის ბიომრავალფეროვნებას.
-უარის თქმას მცენარეთა დაცვის პრეპარატების სისტემატურ გამოყენებაზე, ჰერბიციდებსა და სინთეთიკურ სასუქზე.
-ხელით შრომის წამოწევას წინა პლანზე.
ქვევრში დაყენებულ ღვინოს იმ ყურძნის მახასიათებლები უნდა ჰქონდეს, რომლისგანაც იგი დგება და იმ ტერუარის ხასიათი, სადაც ვაზია გაშენებული. ამ მიზნით ვთანხმდებით, რომ მინიმალურად ჩავერიოთ
ფერმენტაციისა და მაცერაციის პროცესებში, რის გამოც უარს ვამბობთ იმ სუბსტანციებისა და მეთოდების გამოყენებაზე, რომლებიც ღვინის არსს ეწინააღმდეგებიან. ეს თავის მხრივ კიდევ ნიშნავს უარის თქმას იმ
მეთოდებსა და შენახვის ტექნიკაზე, რომლებიც ღვინის გემოსა და არომატზე ახდენენ გავლენას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ დავისახეთ შემდეგი მიზნები:
დავუტოვოთ მომავალ თაობებს ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი და უხვმოსავლიანი ვენახები. ამავდროულად გვსურს ღვინის მოყვარულთ ისეთი ღვინო შევთავაზოთ, რომელშიაც სრულად იქნება შენარჩუნებული ყურძნის მოცემული
ჯიშისათვის დამახასიათებელი გემოვნებითი თვისებები, არომატი და ალკოჰოლის შემცველობა; ღვინო, რომლის ბუნებრივ ვიტალურობასაც მთელი სისავსით შეიგრძნობთ.