განაცხადი ასოციაცია "ქვევრის ღვინო"-ს წევრობაზე
თბილისი/საქართველო
ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის გაწეულ კამპანიას, რომელიც თითქმის ათ წელზე მეტია მიმდინარეობს დასავლეთის ქვეყნებში, შედეგად მოჰყვა ის, რომ ამ ქვეყნებისათვის ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინოც გახდა ცნობილი.
ის განსაკუთრებული მახასიათებლები, რომლებიც ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებულ ღვინოს გააჩნია, დიდ ინტერესს იწვევს როგორც ღვინის მოყვარულებს, ასევე მის მწარმოებლებს შორის მთელ მსოფლიოში.
ქართველმა პროფესიონალმა მეღვინეებმა კვლავ დაიწყეს ქვევრში ღვინის წარმოება და რეალიზაცია. მათი ეს საქმიანობა თანდათან ხდება ცნობილი საერთაშორისო მასშტაბით. მათ გარდა ამ საქმიანობას მიჰყვეს ხელი ევროპელმა მეღვინეებმაც, რომლებსაც ქვევრში დაყენებული ღვინო “ამფორის ღვინის” სახელით გააქვთ ბაზარზე.
იმის გამო, რომ ქვევრში ღვინის ტრადიციული დაყენებას უცხოეთში დეტალურად არ იცნობენ (სამწუხაროდ, ბევრს საქართველოშიაც არ გააჩნია ამის სათანადო ცოდნა), გაჩნდა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები, რომლებიც ვნებენ ქართული ქვევრის ღვინის რუდუნებით შექმნილ დადებით იმიჯს.
ასოციაცია "ქვევრის ღვინო"-მ მიზნად დაისახა ააღორძინოს და მოუაროს ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია, შეინარჩუნოს ყურძნის ჯიშების ბიომრავალფეროვნება და დაეხმაროს მცირე მეწარმეებს მდგრადი მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებაში.
ასოციაციამ თავის ვებგვერდზე www.kvevri-wine.org გამოაქვეყნა ასოციაციის მანიფესტი და სამუშაო თემები.
მეორე ვებ-გვერდი: www.kvevri-wine-standard.com ეძღვნება ქვევრში ღვინის ტრადიციულ დაყენებას. დაინტერესებულთათვის იგი ქმნის პლატფორმას დისკუსიისათვის, რომლის მიზანიც
აღნიშნული თემის განვრცობა, სრულყოფა და დახვეწა იქნება.
მივესალმებით ქართველი და უცხოელი მეღვინეებისა და ღვინის მოყვარულთა გაწევრიანებას ასოციაციაში, მათ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში, მათ ჯანსაღ დისკუსიებს ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის, მისი სრულყოფისა და გაღრმავების შესახებ.
ასოციაცია "ქვევრის ღვინო", თბილისი/საქართველო